თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ მარცვლეულმა და მზესუმზირის ზეთმა დანარჩენ მსოფლიოს მიაღწიოს. ერთ კვირაში ან 10 დღეში ჩვენ გავააქტიურებთ მოლაპარაკებებს და შევეცდებით, მივაღწიოთ შედეგს“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში, იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმებას ცდილობს. კიევის მთავრობას სურს, რომ თურქეთმა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები გემებისთვის, რომლებიც მარცვლეულს შავი ზღვის გავლით ატარებენ.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.