შრი-ლანკის პრეზიდენტი გადადგა

BBC-ის ცნობით, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაქსამ გადადგომა დაადასტურა. 

გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლე და პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია ამ დრომდე დაკავებული აქვთ და უარს აცხადებენ ტერიტორიის დატოვებაზე, ვიდრე ლიდერები არ გადადგებიან.

შრი-ლანკის პარლამენტის თავმჯდომარემ შაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტი თანამდებობას 13 ივლისიდან დატოვებს.

რაჯაპაქსას ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია, მაგრამ სამხედრო წყაროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდზე შრი-ლანკის ტერიტორიულ წყლებში იმყოფება.

შეგახსენებთ, ათასობით დემონსტრანტი, რომელიც შრი-ლანკაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას აპროტესტებს, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციებში შაბათს შეიჭრა.


დემონსტრანტები, შრი-ლანკის ხელისუფლების გადადგომას, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვენ. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.