კასპიის მილსადენის კონსორციუმი ყაზახური ნავთობის ექსპორტს განაახლებს. რუსეთის სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა

კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა, ფუნქციონირებას ისევ დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება, კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის სააპელაციო სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღო.

CPC-ს 200 ათასი რუბლის ჯარიმა დაეკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია შესული.

5 ივლისს ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირება 30 დღით შეაჩერა. როგორც ინტერფაქსი CPC-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყებოდა, როსტრანსნადზორმა აღმოაჩინა გარემოსდაცვითი დარღვევები კონსორციუმის საქმიანობაში. მათი აღმოსაფხვრელად ტერმინალის მუშაობა 30 დღით შეჩერდა. კომპანიამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

7 ივლისს, თოყაევმა განაცხადა, რომ ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს. 


ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა).

შეგახსენებთ, ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას, 4 ივლისს განაცხადა.