უკრაინიდან საზღვაო გზით მარცვლეულის ექსპორტისთვის საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შევთანხმდით - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

უკრაინიდან დაბლოკილი მარცვლეულის გამოსატანად, სტამბოლში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე პროგრესს მიაღწიეს. თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებით, მხარეები საზღვაო გზით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ.

„ოთხმხრივ შეხვედრაზე მივაღწიეთ შეთანხმებას ტექნიკურ საკითხებზე. მაგალითად, პორტიდან გამოსვლის წერტილებში ერთობლივ კონტროლსა და მარშრუტებზე სანავიგაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მომდევნო კვირას, შეთანხმების ხელმოსაწერად უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები კვლავ თურქეთში შეიკრიბებიან.


რუსეთის, უკრაინის და თურქეთის სამხედრო დელეგაციების შეხვედრა სტამბულში, გაეროს წარმომადგენლებთან ხორბლის ექსპორტის განახლების საკითხზე დღეს შედგა. დიპლომატების განცხადებით, მხარეებმა განიხილეს, რომ ხორბლით დატვირთული ტანკერები, უკრაინული გემების თანხლებით გადაადგილდნენ, რომლებიც დანაღმულ საპორტო წყლებში გზამკვლევის როლს შეასრულებენ.

გეგმის თანახმად, რუსეთმა ზავზე თანხმობა უნდა განაცხადოს, თურქეთმა კი გაეროს მხარდაჭერით გემების ინსპექტირება უნდა განახორციელოს, რათა იარაღის კონტრაბანდის შესახებ რუსეთის ეჭვები გაქარწყლდეს.


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი. 

5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს.

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდაეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.

ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.

უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.