ირაკლი კობახიძე: ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ ვერცერთ თავდასხმას ვერ გაიხსენებთ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რომლებზეც ელჩს მარტივად შეუძლია პასუხის გაცემა და წერტილის დასმა და ეს არ კეთდება, ეს ეჭვებს აღრმავებს. კობახიძის თქმით, ეს არ არის თავდასხმა ელჩზე. აღნიშნული განცხადება კობახიძემ პარტიის ოფისში გამართუ პრესკონფერენციაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა.

„როდესაც საქმე ეხება საჯაროდ დასმულ შეკითხვებს, იგივე მოსამართლის თემას და ომის რიტორიკისგან გამიჯვნას, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს პასუხი გაეცეს. იგივე ეხება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თემას, თუმცა ეს დღეს ვერ მოვისმინეთ“, - აღნიშნა კობახიძემ. 

„ვერ გაიხსენებთ ვერცეთ თავდასხმას ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ. ასეთი არ ყოფილა, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან. პირველი თემა უკავშირდება მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან, როდესაც ერთ-ერთი მოსმართლე ბრალს დებს ამერიკის საელჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ელჩის სახელით, რა თქმა უნდა, უნდა დაისვას კითხვა და ეს ვერ შეფასდება თავდასხმად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეორე მაგალითად კი, მან მიხეილ ყაველაშვილის შეკითხვები მოიყვანა.

როგორც ცნობილია, „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს განაცხადა: „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“.

20 ივლისს, თბილისის დროით, გვიან ღამით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ედ პრაისის განცხადებით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.