რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორებისგან $12,7 მილიარდი მიიღო, ყველაზე დიდი თანხა კი ივნის-ივლისში გადაეცა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ბანკის გუბერნატორმა კირილო შევჩენკომ განაცხადა.
„ეს თანხები იგზავნება ბიუჯეტის ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამჟამად, უკრაინის ბიუჯეტში მიღებულია $12.7. უკრაინამ ყველაზე დიდი თანხა ივნის-ივლისში მიიღო და ეს 6 მილიარდ დოლარზე მეტია“, - განაცხადა შევჩენკომ.
უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა მანამდე განაცხადა, რომ წლის ბოლომდე უკრაინა დამატებით,საერთაშორისო პარტნიორებისგან 20 მილიარდ დოლარს მიიღებს.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.