ოდესის პორტზე რუსეთის იერიშის შემდეგ ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა

რუსეთის არმიის მიერ ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა.  უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ, რუსეთის თავდასხმამ ეჭვები გააჩინა. ამის შესახებ Reuters წერს.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 25 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის პოზიციებიდან ნასროლი ორი „კალიბრის“ კლასის შორი მოქმედების რაკეტა, რომლებიც ოდესის პორტში სატუმბი სადგურის მახლობლად დაეცა, მიზნად ისახავდა „ექსკლუზიურად“ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას და „არ იყო დაკავშირებული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებასთან“, რომელსაც 22 ივლისს სტამბოლში რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მიაღწიეს.

„ამან არ შეიძლება და არ უნდა იმოქმედოს მარცვლეული გადაზიდვის დაწყებაზე", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამ განცხადების მიუხედავად, ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის „ფიუჩერსები“ 25 ივლისს ბუშელზე (უდრის 36,4 ლიტრს) თითქმის 4 პროცენტით, 7,86 დოლარამდე გაიზარდა.


სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდახელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.

რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.