BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ლატვიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა.
როგორც რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ Telegram-ზე წერს, ლატვიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების მიზეზი მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციებია.
ცნობისთვის, ევროპის ქვეყნები აცხადებენ, რომ მოსკოვი ენერგორესურსებს შანტჟისთვის იყენებს. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა.
21 ივლისს რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.
ამასთან, რუსულმა „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა პოლონეთში, ბულგარეთში, ფინეთში, დანიასა და ნიდერლანდებში. ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზად დასახელდა, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსული გაზის რუბლში შესყიდვაზე უარი განაცხადეს.
ცნობისთვის, პირველი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვდა. ამისთვის უცხოელ მყიდველებს ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გაეხსნათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აპრილში განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.
ასევე წაიკითხეთ: