მედია: კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა

გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად ჯერ არ არის დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა.

გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს.

შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ.

ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან.

სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.