კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა დღეს ჩრდილოეთ კოსოვოში ისროლეს.
„მომავალი დღეები შეიძლება, რთული იყოს. ჩვენ წინაშეა სერბული შოვინიზმის გამოვლინება, რომელიც კარგად ვიცით", - განაცხადა კოსოვოს პრემიერმა.
გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ დახურულია სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო.
გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს.
შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში.
ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან.
სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.