უზბეკეთი აზერბაიჯანის მონაწილეობით, ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის ინიციატივით გამოდის. უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის ილჰომ მახკამოვის განცხადებით, უნდა მოხდეს ახალი მულტიმოდალური დერეფნის „თურქეთი-კავკასია-ცენტრალური აზია-სამხრეთ აზია“ ფორმირება, რომელიც ავღანეთზეც გაივლის. ამის შესახებ, მან დღეს ტაშკენტში აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და თურქეთის საგარეო, ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
ილჰომ მახკამოვის თქმით, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში სამხრეთ აზიის ქვეყნების უკიდურესად მაღალი პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა, რომ სამხრეთ აზიის ქვეყნებთან ტვირთების გადაზიდვის პროცესი დაჩქარდეს.
„ამ დროისთვის არის შესაძლებლობა, რომ ტვირთები ავღანეთისა და პაკისტანის გავლით გადავიტანოთ. ამ გზას ჩვენი სახმელეთო გადამზიდავები უკვე ტესტავენ და ავღანეთის გავლით, პირველი ტვირთების გადატანა უკვე განხორციელდა“, - განაცხადა ილჰომ მახკამოვმა.