აშშ-ის წარმომადგენელტა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა. პელოსიმ ტაივანს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოება უწოდა და განაცხადა, რომ სურს, გააუმჯობესოს თანამშრომლობა ტაიბეისა და ვაშინგტონს შორის.
უფრო კონკრეტულად, პელოსი საპარლამენტო დონეზე კავშირების გაფართოებას უჭერს მხარს.
„ჩვენ მოვედით, როგორც მოგობრები. მადლობას გიხდით თქვენი ხელმძღვანელობისთვის. გვინდა, რომ მსოფლიომ აღიაროს ეს. ტაივანის ისტორია არის შთაგონების წყარო ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის აშშ-სა და მთელ მსოფლიოში. თქვენ შექმენით აყვავებული, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი დემოკრატია, მსოფლიოში, რომელსაც ამაყად ხელმძღვანელობს ქალი პრეზიდენტი“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
პელოსიმ დაამატა, რომ მის ვიზიტს სამი მიზანი აქვს. „ერთი არის უსაფრთხოება, უსაფრთხოება ჩვენი ხალხისთვის, გლობალური უსაფრთხოება, მეორე - ეკონომიკა, რაც შეიძლება მეტი კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მესამე - მთავრობები“.
ცნობისათვის, 2 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი ჩინეთში ნიკოლას ბერნსი დაიბარა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი გააპროტესტა. პეკინი გაფრთხილებით მანამდეც გამოვიდა. თუმცა შეერთებული შტატების პოზიციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას არ წარმოადგენს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს. მისივე თქმით, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს ვიზიტი კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა. პეკინი პელოსის ვიზიტს ერთი ჩინეთის პრინციპის და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ჩინეთი „კატეგორიულად მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ჩინეთის შესაკავებლად ტაივანის გამოყენება“. პეკინის შეფასებით, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა.
ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა.
მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება.
პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად.
„ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში.
გაეცანით სტატიას