NATO-ს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ NATO-ს ძალები (KFOR) მზად არიან პროცესში ჩაერიონ, თუ კოსოვოში სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება.
„ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს ევროკავშირის შუამავლობით დიალოგში და უთანხმოება დიპლომატიური გზით გადაწყვიტოს", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ.
ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.
თუმცა პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კოსოვოში ჯეფრი ჰოვენიერი კოსოვოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა და მთავრობას მოუწოდა, სანომრე ნიშნებისა და პირადობის მოწმობების შესახებ გადაწყვეტილებების განხორციელება 30 დღით გადაედო.