თეთრმა სახლმა ხუთშაბათს დაიბარა ჩინეთის ელჩი, რათა ტაივანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ესკალაცია დაგმოს და გაიმეოროს, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში კრიზისი არ სურს, იტყობინება Washington Post-ი.
„ჩინეთის ქმედებების შემდეგ, ჩვენ დავიბარეთ ელჩი თეთრ სახლში, რათა გამოგვეცხადებინა დემარში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვოკაციული ქმედებების გამო. ჩვენ ვგმობთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც არის უპასუხისმგებლო და ეწინააღმდეგება ჩვენს გრძელვადიან მიზანს, შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეში“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ Washington Post-თან.
ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ჩინეთის მიერ აშშ-ის ელჩის დაბარება, ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერება და ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნების დაწყება ტაივანის გარშემო. განცხადებაში კონკრეტული დეტალები სანქციების ხასიათის შესახებ მითითებული არ არის. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია.
გაეცანით სტატიას