ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-სთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს, მათ შორის, მაღალი დონის სამხედრო დიალოგს აჩერებს. ამ ზომებს პეკინი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ მიმართავს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აჩერებს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის პრევენციისა და არალეგალური მიგრანტების რეპატრიაციის საკითხებზე.
მანამდე, ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ჩინეთის მიერ აშშ-ის ელჩის დაბარება, ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერება და ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნების დაწყება ტაივანის გარშემო. ჩინეთი ტაივანის სანაპიროებთან ექვს ზონაში სამხედრო წვრთნებს ატარებს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა. თავის მხრივ, თეთრმა სახლმა ხუთშაბათს დაიბარა ჩინეთის ელჩი, რათა ტაივანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ესკალაცია დაგმოს და გაიმეოროს, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში კრიზისი არ სურს, იტყობინება Washington Post-ი.
ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია.
გაეცანით სტატიას