აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ფლორიდაში მდებარე მისი რეზიდენცია გაჩხრიკეს. ტრამპის თქმით, სამართალდამცველები მის სახლში გაუფრთხილებლად მივიდნენ და მისი სეიფიც გატეხეს. ტრამპმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი რეზიდენცია „ოკუპირებული იყო FBI-ს თანამშრომლების დიდი ჯგუფის მიერ".
„ეს ბნელი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა შეერთებული შტატების ისტორიაში“, - ამბობს ტრამპი. მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობას ხელი შეუშალონ.
ოფიციალური კომენტარი აშშ-ს უწყებებს არ გაუკეთებიათ.
მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.
ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა NBC News-ს განუცხადა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებულია რამდენიმე დოკუმენტი.