კვლევა: დასავლეთის სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე სრული გავლენა 2023 წლის ბოლოს ექნება

დასავლეთის სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე სრული გავლენა 2023 წლის ბოლოს ექნება. ამის შესახებ კიევის ეკონომიკური სკოლის ახალ კვლევაშია ნათქვამი.  

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება, რადგან აგრესორის ენერგოექსპორტი შეზღუდული იქნება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეკონომიკის ვარდნის პროგნოზი 2022 წელს 10-30%-დან 6-9,5%-მდე დაკორექტირდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე პროგნოზირებული 20%-დან 12-15%-მდე შემცირდა. კიევის ეკონომიკურ სკოლაში განმარტავენ, რომ ასეთი ცვლილებების მთავარი მიზეზი ენერგობაზარზე არსებული მაღალი ფასებია.

სანქციების ზემოქმედებამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი ცვლილებები რუსეთის ფედერაციის შიდა ეკონომიკაში. ამრიგად, ივნისში რუსეთში ავტომობილების წარმოების შემცირებამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62% შეადგინა. ხოლო სამრეწველო წარმოება ივნისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,8%-ით დაეცა.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებული ძირითადი სანქციები ჯერ არ შესულა ძალაში. შესაბამისად, 5 დეკემბერს ამოქმედდება სანქციები ევროკავშირში რუსული ოფშორული ნავთობის ექსპორტზე, ხოლო 2023 წლის 5 თებერვლიდან რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტი აიკრძალება.

ამავდროულად, რუსული გაზის გაყიდვები ევროპაში გასული წლის დონის მესამედს შეადგენს და სავარაუდოდ, კიდევ შემცირდება და ფაქტობრივად  არაუგვიანეს 2024 წელს დასრულდება. რადგან, ამ დროისთვის გერმანია მოელის, რომ რუსული გაზისგან სრულიად დამოუკიდებელი იქნება.