NATO-ში გაწევრიანება უკრაინის გრძელვადიანი მიზანია, მაგრამ მანამდე უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები მოკავშირეებისგან. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრი იერმაკმა The Guardian-თან განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის გრძელვადიანი მიზნად რჩება NATO-ში გაწევრიანება, ჩვენ ვაღიარებთ, რომ რუსეთის ამჟამინდელი საომარი მოქმედებები ამას ართულებს.
თუმცა იმავდროულად, ჩვენ გვჭირდება იურიდიულად სავალდებულო გარანტიები ჩვენი მოკავშირეების მხრიდან იარაღის მიწოდების, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის, ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერისა და ჩვენი ეკონომიკის დაცვისთვის“, - წერს იერმაკი.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უკრაინის ოფისის მიერ მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 73% NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.
უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ.
28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.