გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ნიუ-იორკში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, აშშ-ის გენერალური მდივნის მოადგილემ უსაფრთხოების საკითხებში ბონი ჯენკინსმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის ობიექტი რუსეთის ჯარმა უნდა დატოვოს და ეს ადგილი დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს.
„აშშ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას აღადგინოს განსაკუთრებული უსაფრთხოება და გარანტიები, რომლებიც მას ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა ობიექტზე. რუსეთმა თავად შექმნა რისკები სრულმასშტაბიანი შემოჭრით და მას შეუძლია ამ რისკების აღმოფხვრა ახლავე, თუ უკრაინას დატოვებს. აშშ იმეორებს, რომ IAEA-ს პერსონალისთვის წვდომის დაშვება მნიშვნელოვანია, რათა ზაპოროჟიეს ობიექტში ბირთვული უსაფრთხოების საკითხები გადაიჭრას, ისევე როგორც სხვა ბირთვულ ობიექტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ბონი ჯენკინსმა.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში.
ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას.
ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.
Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.