პოლონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მიზნით, კონცეფციაზე მუშაობს

ევროკავშირში რუსებისთვის შენგენის ვიზების აკრძალვის თაობაზე მოწოდებები სულ უფრო ხშირად ისმის. ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი ვიზების გაცემა შეზღუდოს.

როგორც ცნობილია, ათასობით რუსი ტურისტი ფინეთს სატრანზიტო ქვეყანად იყენებს. ამ ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვის გეგმა შეიმუშავა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლოსთვის ელის.

გერმანია და საფრანგეთი ანალოგიურ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, ფინეთი, დანია და სლოვაკეთი კი, მხარს უჭერენ.

პოლონეთის მიერ სტანდარტული ეროვნული ვიზის გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეჩერებულია. სავიზო კატეგორიის სხვა განაცხადები მკაცრ შემოწმებას ექვემდებარება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ვავზიკმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გეგმავენ. 

„პოლონეთი მუშაობს კონცეფციაზე, რომელიც საშულებას მოგვცემს, რუსებისთვის ვიზების გაცემა შევწყვიტოთ“, – განაცხადა პიოტრ ვავზიკმა.

მისივე თქმით, ამჟამად ევროკავშირის წევრებს შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეწყვეტის საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არის.

„დიდი წევრი ქვეყნები, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები, წინააღმდეგნი არიან. იმის გამო, რომ შეუძლებელია ამ ქვეყნების წინააღმდეგობის დაძლევა, პოლონეთი მუშაობს ახალ გადაწყვეტაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ვავზიკმა.

მისივე თქმით, პოლონეთის დიპლომატია რამდენიმე კვირაა, ამ თემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან და ამ საკითხზე მსგავსი შეხედულება აქვთ ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს. პოლონეთი რამდენიმე თვეა, რაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ტურისტულ ვიზებს არ გასცემს.

ესტონეთილიეტუვა და ლატვია რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტულ ვიზებს აღარ გასცემენ. ლატვია რუსებს ახლა მხოლოდ ახლო ნათესავების გარდაცვალების შემთხვევაში უშვებს.

ფინეთისა და ესტონეთის მთავრობის მეთაურებმა ცოტა ხნის წინ მოუწოდეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, შეწყვიტონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსებისთვის. საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ ჩატარებული კვლევით, ფინეთში მოსახლეობის 58%-ს აღარ სურს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა.

რუსებისთვის შენგენის ვიზების შეჩერების საკითხის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აგვისტოს ბოლოს, პრაღაში განიხილება. ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა.