დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში ვითარება „საშიშია“. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა. ის ქალაქის ევაკუაციის გეგმაზე საუბრობს. სტარუხის თქმით, სამოქალაქო დაცვის ზომების სრულად განხორციელება რთულია, რადგან ტერიტორიის ნაწილი მტრის ძალებმა დაიპყრეს.
„ვითარება საშიშია არამხოლოდ ზაპოროჟიეს რეგიონისთვის. თუ გადავხედავთ სავალდებულო ევაკუაციის ზონას, ატომური ელექტროსადგურის შესაძლო ავარიის გამო, მაშინ საუბარია 200 000-ზე მეტ ადამიანზე ჩვენს რეგიონში და 200 000-ზე დნიპროპეტროვსკში. საუბარია ქალაქებზე: ნიკოპოლი, მარგანეცი, ენერგოდარი, ვასილივკა, დნიპროუდნე და სხვა“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
რაც შეეხება რადიაციის დონეს ატომურ ელექტროსადგურზე, მისი თქმით, „ვითარება სტაბილურია. ინდიკატორები არ აღემატება ნორმას, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს, იქ შეჭრილი ძალების უაზრო ქმედებების გამო“.
უკრაინა რუსთს შეიარაღებულ პროვოკაციებში ადანაშაულებს, მათ შორის, ატომური სადგურის უშუალო სიახლოვეს, რომელიც ევროპაში უდიდესია.
გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.
მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან.
დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში.
ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.