ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების შემდეგ, უკრაინამ რუსეთს კვლავ სახანძრო უსაფრთხოების წესებზე მიუთითა

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ყირიმში დღევანდელ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. იური იგნატმა თქვა, რომ რუსეთის მიერ „სიფრთხილის დაცვა“ აუცილებელია.

„მტერი არ იცავს სახანძრო უსაფრთხოების ზომებს, აქედან გამომდინარეობს პრობლემები, მაგრამ ჩვენ,რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვართ ამ ფაქტით, რადგან ჯანკოი [სადაც აფეთქებები მოხდა] იყო ერთ-ერთი ადგილი, სადაც მტერი ინახავდა ვერტმფრენებს და სხვა აღჭურვილობას“, - განუცხადა იგნატმა მედიას.

ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის რაონის სოფელ გვარდეისკში მდებარე ავიაბაზაზე, კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რომ ანექსირებული ყირიმის ჯანკოის რაიონში მომხდარი აფეთქება დივერსიის შედეგია.

დაახლოებით ამავე პერიოდში, ჯანკოიში მდებარე ელექტრო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ.

„დემილიტარიზაცია ამოქმედებულია“, - ასე ეხმაურება პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მომხდარს. 

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ჯანკოის რაიონში არის ორი მნიშვნელოვანი სამიზნე – სატრანსფორმატორო სადგური და საბრძოლო მასალების საცავი.

მისი თქმით, რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, რათა ელექტროენერგია ჯანკოის გავლით მიეღოთ.

„ჩვენ გვესმის, რატომ დაიკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რათა მოიპარონ ყველაფერი, რისი მოპარვაც შეიძლება, მათ შორის ელექტროენერგია, რომელსაც აწარმოებს სადგური და ჯანკოის გავლით მიაწოდონ ყირიმს. ამიტომ, მჯერა, რომ ეს არის კარმული ანგარიშსწორება, რადგან ყველაფერ მოპარულს ბარაქა არ მოაქვს“, – დასძინა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, საბრძოლო მასალების საცავებში ძლიერი აფეთქებების სერია ჯერ მხოლოდ დასაწყისია.


შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აეროდრომზე 20 თვითმფრინავი დგას. მათ შორისაა Су-30СМ და მზვერავი Су-24МР, Ил-76 და რამდენიმე შვეულმფრენი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა და ზარალმა დაახლოებით $505 მილიონი შეადგინა.

ღია წყაროებზე არსებული დაზვერვის პროექტის UA Weapons Tracker-ის ცნობით, აეროდრომზე 11 თვითმფრინავი იყო და რუსეთის ფედერაციას დაახლოებით $300 მილიონის ზარალი მიადგა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 11 -ზე მეტი თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.

უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა.

Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია.