NATO-ს გენერალური მდივნის, იენ სტოლტენბერგის განცხადებით, კოსოვოსა და სერბეთს შორის სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, NATO სამშვიდობო ძალებს გაზრდის. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან დასავლეთ ბალკანეთში ბოლოდროინდელი დაძაბულობის შესახებ მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, წერს Reuters.
„მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სიტუაცია გაუმჯობესებულია, ყველა მხარის პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ბელგრადისა და პრიშტინის ოფიციალური პირების, რომ მორე ესკალაცია თავიდან აიცილონ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
„მოვუწოდებ ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და მოერიდონ ძალადობას. NATO აგრძელებს ადგილზე სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ჩვენი KFOR-ის სამშვიდობო მისია რჩება ფოკუსირებული გაეროს მანდატზე. თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება, KFOR მზადაა ჩაერიოს", - თქვა სტოლტენბერგმა.
31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ.
კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.
ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.