ესტონეთი 18 აგვისტოდან 50 000-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს, რომლებზეც შენგენის ვიზა გასცა, საზღვარს ჩაუკეტავს. ესტონეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ბლოკის საზღვარს აღარ გადააკვეთინებს.
ევროპის საჰაერო სივრცე რუსული ავიახაზებისთვის დიდი ხანია დახურულია, თუმცა რუსეთის ბევრი მოქალაქე ხშირად ევროპის კავშირის ქვეყნებში მოსაზღვრე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებიდან შედის. შენგენის ვიზა მათ აძლევს შესაძლებლობას, 26 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის სხვადასხვა ქვეყანაში 90 დღე იმოგზაურონ.
ესტონეთი აცხადებს, რომ ყოველდღიურად მის საზღვარს საშუალოდ რუსეთის 2 500 მოქალაქე კვეთს. აქედან ნახევარს შენგენის ვიზა აქვს. თავად ესტონეთში მცხოვრები მოსახლეობის 9% უცხოელია და მათი უმრავლესობა რუსია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ფინეთმა პირველი სექტემბრიდან რუსებისთვის ვიზების გაცემის 90%-ით შეემცირება გადაწყვიტა.
11 აგვისტოს ესტონეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ერთ კვირაში შენგენის ვიზების მქონე რუსებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ქვეყანაში არ შეუშვებს. მანამდე კი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა. რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს ასევე არ გასცემენ ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და ჩეხეთი.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.