ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს.
„დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მხარეები მზად არიან, განაახლონ მოლაპარაკებები „უახლოეს დღეებში“, - განაცხადა ბორელმა.
მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამავლობით ბრიუსელში შედგა.
2011 წელს დაწყებული ბელგრადი-პრიშტინას დიალოგი მიზნად ისახავს დასავლეთ ბალკანეთის მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ის გაეროს წევრი ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და თურქეთმა აღიარეს.
კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ.
კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.
ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.