უკრაინის პარტნიორების გზავნილები ყირიმის პლატფორმის სამიტზე

  • ჩვენი გზავნილი ნათელია: არასდროს ვაღიარებთ ყალბ რეფერენდუმს უკრაინის ტერიტორიაზე

ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამომსვლელთა რიგებს დღის ბოლოს, ვიდეომიმართვით შეუერთდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, განაგრძოს ხარჯების დაკისრება და ზეწოლა პრეზიდენტ პუტინსა და მის ხელშემწყობებზე, ვიდრე რუსული ჯარი მთლიანად არ დატოვებს უკრაინას.

„ყირიმი უკრაინაა. ეს იყო ჩვენი პოზიცია 2014 წელს და ასე რჩება 2022 წელსაც“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ბლინკენის განცხადებით, უკრაინის დამოუკიდებლობისადმი პატივისცემა ყირიმის პლატფორმის მთავარი საფუძველია.

მისივე თქმით, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, დაარღვიოს სხვა სახელმწიფოს საზღვრები.


გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორები ისეთი ერთიანი არიან, როგორც არასდროს, რასაც სწორედ დღევანდელი სამიტი ადასტურებს.

მისი თქმით, რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს მტკიცედ დაუპირისპირდა უკრაინელი ხალხი და მათი მდგრადობა და მამაცობა აღტაცებას იწვევს მთელ მსოფლიოში.

მინდა გითხრათ, რომ გერმანია იდგება უკრაინის გვერდით იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დავიცავთ უპრეცედენტო სანქციებს, მხარს დავუჭერთ უკრაინას ფინანსურად, გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას.

ვამზადებთ დახმარების ახალ პაკეტს, მათ შორის, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სარაკეტო გამშვებებსა და ტონობით საბრძოლო მასალას და დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობებს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.


ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას. კოლეგების მსგავსად ფონ დერ ლაიენმაც დაადასტურა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება.

„ევროკავშირი დაუღალავად მუშაობს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ დარღვევების გამოსააშკარავებლად, იმისთვის, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ და იმისთვის, რომ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მსხვერპლებს. ღრმად შეშფოთებული ვართ ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დარღვევით, ადამიანების გაუჩინარებით, წამებით, მკვლელობებით, ყირიმელი თათრების სიკვდილით დასჯით, ჟურნალისტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ადვოკატების დაშინებით. ეს არის პუტინის ოკუპაციის ბნელი რეალობა.

ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენი სანქციები მნიშვნელოვნად არყევს პუტინის ომის მანქანასა და რუსეთის ეკონომიკას“, - აღნიშნა ლაიენმა.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. მიშელის თქმით, რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 24 თებერვალს, არამედ, ის დაიწყო 2014, წელს ყირიმის უკანონო ანექსიით.

შარლ მიშელმა დაგმო რუსეთის მიერ ზაპოროჟიის ატომური სადგურის მრავალჯერადი დაბომბვა და დაამატა, რომ მოსკოვის ნაბიჯების ატომური კატასტროფის რისკებს აჩენს.

 „თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთი იყენებს ყირიმს სტრატეგიულ წერტილად უკრაინაზე თავდასხმებისთვის. ის ასევე იყენებს ყირიმს უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციისთვის სამარცხვინო ფილტრაციის ბანაკების მიმართულებით, სადაც წამების შემთხვევების შესახებ არსებობს ინფორმაცია. ყირიმი ასევე გახდა უკრაინის მიწებიდან მოპარული საქონლის სატრანსპორტო ჰაბი. რუსეთის ყირიმში ყოფნამ გამოიწვია უკრაინის პორტების ბლოკადა, რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა უკრაინის ეკონომიკას და მსოფლიოს მასშტაბით საკვების უსაფრთხოების კრიზისი გამოიწვია.

პირდაპირები ვიყოთ, კრემლის მხრიდან ეს ცინიკური ნაბიჯია, იარაღად გამოიყენოს შიმშილი და უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტოს. ამიტომ, მივესალმებით სტამბოლში ახლახან ხელმოწერილ შეთანხმებას და უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან პირველი გემების დაძვრას“, - განაცხადა შარლ მიშელმა.


თურქეთი არ აღიარებს ყირიმის ანექსიას და ამ ნაბიჯს უკანონოდ მიიჩნევს, თურქეთის ლიდერმა ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში მიმართა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს სამართლიან მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე.

მისი თქმით, ანკარა დიდ ძალისხმევას დებს დიპლომატიური არხების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, რისი გამოვლინებაც იყო თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა ანტალიაში, ასევე - რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე მნიშვნელოვანი და კონკრეტული წარმატება უწოდა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას.


საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, შეაჩეროს საომარი მოქმედებები და გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.

„რვა წლის წინ რუსეთმა უკანონოდ მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები... საფრანგეთი ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშიც ასე იქნება.

მინდა, რუსეთს შევახსენო საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვის ვალდებულების შესახებ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ყირიმის პლატფორმის რიგით მეორე სამიტზე.


NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უპრეცედენტო სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს უკრაინას.

გენერალურმა მდივანმა გაიხსენა, რომ ალიანსმა მნიშვნელოვნად გააძლიერა მხარდაჭერა ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ.

„ივნისში, მადრიდის სამიტზე, NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ დახმარების გაძლიერებულ პაკეტზე. ჩვენ უკრაინასთან გრძელვადიან პერსპექტივაში პარტნიორობის ერთგულნი ვართ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

„ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა აღჭურვილობიდან NATO-ს სტანდარტებზე გადასვლაში, გავაგრძელებთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმას და დაგეხმარებით ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გზაზე“, - დაამატა ალიანს გენმდივანმა. 

ამავდროულად, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO-მ გააძლიერა ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთში, „რადგან ალიანსის უსაფრთხოების გარანტიები მოსკოვში არასწორი გათვლების ადგილს არ ტოვებს და ისინი მოკავშირეებს საშუალებას აძლევს, მხარი დაუჭირონ უკრაინის თავდაცვის უფლებას“.

NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას.
 
„ეს არის ნებისყოფის და ლოგისტიკის ომი. ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
 
,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს უკრაინის ყველა საჭირო მხარდაჭერა, მათ შორის უსაფრთხოების დახმარება, ვიდრე რუსეთი უკრაინიდან თავის ძალებს არ გაიყვანს.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის გაგრძელებაა ახლანდელი ომი, თუმცა მაშინ ყველას არ ესმოდა, ამის მნიშვნელობა.

„მაგრამ მას შემდეგ, რაც პუტინმა 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა გააძლიერა, საერთაშორისო საზოგადოებამ ძლიერად და ერთიანობით მოახდინა რეაგირება.

ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის ან უკრაინის სხვა ტერიტორიის ანექსიას.

პუტინის თავდასხმის ფონზე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს სამხედრო, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ამ საზარელ ომს და არ გაიყვანს თავის ძალებს უკრაინიდან“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე.


  • ცნობისთვის, სამიტზე ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტიც და დააფიქსირა პოზიცია, რომ „ყირიმი უკრაინაა“.
  • უკრაინაში ჩავიდა პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა.

,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

„უკრაინა საკმარისად ძლიერია, რომ უკრაინული ყირიმის პერსპექტივა დაინახოს. უკრაინისთვის ყირიმი არ არის მხოლოდ ტერიტორია, არ არის ხრიკი გეოპოლიტიკურ თამაშში, როგორც ეს არის ტერორისტული სახელმწიფოსთვის.

უკრაინისთვის ყირიმი ჩვენი ხალხის ნაწილია, ხალხის, რომელსაც ჩვენ თავისუფლების გარანტიას ვაძლევთ. მადლობა ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტის ყველა მონაწილეს ერთობლივი ქმედებებისკენ მზადყოფნისთვის. ყირიმის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის ეფექტიანი „რეანიმაციაა“, - მიმართა თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამავე სამიტის მონაწილეებს.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინამ დროშის დღეს აღნიშნა, ხვალ კი, როდესაც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, რუსეთის შეჭრიდან 6 თვე გადის.