ლატვიაში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს

23 აგვისტოს, რიგის გამარჯვების პარკში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი დაიწყო.

სამუშაოები ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდება. ქალაქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ პარკთან მოძრაობა, სავარაუდოდ, 12 სექტემბრამდე დაიბლოკება.

ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება, რომელიც მრავალი წელი განიხილებოდა, 2022 წლის მაისში მიიღეს.

მას შემდეგ, რაც 10 მაისს დილით ყვავილები ბულდოზერით ჩამოხსნეს, საბჭოთა სიმღერებით და პრორუსული სიმბოლოების გამოყენებით ძეგლთან სპონტანური აქცია გაიმართა, რამაც ლატვიის საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

მას შემდეგ, რაც ლატვიის საეიმმა ძეგლის დანგრევის ნებართვა გასცა, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა, ძეგლის დანგრევის გადაწყვეტილების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.