გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ზამთრის სეზონი გადალახოს, თუ რუსეთი გაზის ექსპორტის შეჩერებას გადაწყვეტს.
შოლცის თქმით, ჩრდილოეთ გერმანიაში მომზადდა ტერმინალები თხევადი გაზის იმპორტისთვის, ნახშირზე მომუშავე სადგურები ფუნქციონირებს და საჭიროების შემთხვევაში, ატომური ელექტროსადგურები სამხრეთში, 2023 წლის დასაწყისში მზად იქნება.
„გაზი დავზოგეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიყენებთ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების წარმოების შესაძლებლობებს. მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გამოვიყენოთ სამხრეთ გერმანიის ატომური ელექტროსადგურები, თუ ეს საჭირო იქნება“, - განაცხადა კანცლერმა.
„გაზპრომმა“ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა.
საპასუხოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „გაზპრომის“ ნაბიჯი გასაკვირი არ იყო.
„გაზპრომის ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, - წერდა შარლ მიშელი Twitter-ზე.