რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მომხდარი შეტაკების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხები დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.
მანამდე სომხეთმა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას ოფიციალურად დახმარების თხოვნით მიმართა.
„გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეულ რაიონებში მიმდინარე წლის 13 სექტემბრის ღამეს სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო.
მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტია რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად.
ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ბაქოსთან და ერევანთან. სომხეთის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ მიმართვა სიტუაციის მოგვარებაში არსებული ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მეშვეობით დახმარების თხოვნით. ჩვენ ველით, რომ რუსეთის შუამავლობის შედეგად მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ [მიმდინარე წლის 13 სექტემბერს 9:00 საათიდან] სრულად განხორციელდება.
როგორც ადრე, ჩვენ გამოვდივართ იმ წინაპირობიდან, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო საკითხებს, ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში, რუსეთის საკონსულტაციო დახმარებით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთმა რუსეთს დახმარების თხოვნით წარსულში, ყარაბაღის მეორე ომის დროსაც მიმართა, თუმცა მოსკოვმა მაშინაც ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. სომხეთი და რუსეთი სტრატეგიული, სამხედრო მოკავშირეები არიან.
შეტაკებების შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 49 სომეხი ჯარისკაცი. აზერბაიჯანული მხარის თანახმად, შეძლეს სტრატეგიული სიმაღლის დაკავება.
13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.
13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.