ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ირანული დრონების გამოყენება დაიწყეს.
„რუსეთმა დიდი ალბათობით, პირველად განათავსა ირანული უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში. 13 სექტემბერს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამხედროებმა ჩამოაგდეს „შაჰედ-136“ უპილოტო საფრენი აპარატი კუპიანსკის მახლობლად, სადაც უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა გრძელდება“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, „შაჰედ-136“ არის თავდასხმის დრონი, რომლის ფრენის დიაპაზონი 2500 კილომეტრამდეა. ირანული წარმოების მსგავსი სისტემები სავარაუდოდ გამოიყენებოდა ახლო აღმოსავლეთში თავდასხმების დროს, კერძოდ, გასულ ზაფხულს ისრაელის ტანკერზე თავდასხმისას;
„იმის გამო, რომ რუსეთის მარაგები მცირდება, იძულებულია სულ უფრო მეტად იარაღი ირანისა და ჩრდილოეთ კორეასგან იყიდოს, რომლებიც ასევე მკაცრი სანქციების ქვეშ არიან. „შაჰედ-136-ის“ დაკარგვა ფრონტის ხაზთან შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ეს სისტემა ტაქტიკური დარტყმებისთვის, (უკრაინის სამხედრო ხაზების უკან) უფრო სტრატეგიული სამიზნეების სანაცვლოდ“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ ირანშია ნაწარმოები.
აგვისტოს ბოლოს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა.
ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.