„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში, ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი ქვეყნების დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. პროექტის ღირებულება $15 მილიარდია.
ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი სარკინიგზო დერეფანი „ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი“, სამხრეთით, ევრაზიის საკონტინენტო ხიდის შემადგენელი ნაწილი გახდება და სამხრეთ-აღმოსავლეთის, დასავლეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას გახსნის.
ექსპერტების შეფასებით, ეს მარშრუტი უზრუნველყოფს ტვირთების გადატანას ჩინეთიდან ყირგიზეთში, ასევე ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, შემდეგ კი ევროკავშირის ბაზარზე. რა გავლენა ექნება „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის გადაწყვეტილებებს და ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს შუა დერეფანზე და რას მიიღებს საქართველო?
Europetime-თან „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი დავით გოჩავა ამბობს, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე მიღებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.
„მაგალითად, მნიშვნელოვანია ცნობა იმის შესახებ, რომ ამ შეხვედრაზე გაფორმდა ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სარკინიგზო ხაზის „ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? შედეგად გაჩნდება ჩინეთთან სატრანსპორტო მიმოსვლის დამყარების კიდევ ერთი გზა, მოიმატებს ტვირთების რაოდენობა საქართველოს ტერიტორიის გავლით და ა.შ. საქართველოს გავლით იმიტომ, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ჩვენი ქვეყნის საზღვაო პორტები წარმოადგენს ევროპის მიმართულებით ზღვაში გასვლის ერთადერთ საშუალებას“- აცხადებს გოჩავა.
„ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის“ $15 მილიარდიანი სარკინიგზო პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველო დამატებით სარგებელს მიიღებს და შესაძლოა „აბრეშუმის გზაზე“ მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს.
- „ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი, უზბეკეთი, ავღანეთი, მონღოლეთი, აზერბაიჯანი, დავამატებ თურქმენეთს და საქართველოს და მივიღებ პროგრამას CAREC (Central Asia Regional Economic Corridor - „ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური დერეფანი“), ანუ „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთ ცენტრალურ ღერძს. ამიტომ ჩემთვის „სამარყანდის დეკლარაციის“ და კიდევ 20 ოფიციალური დოკუმენტის მიღებაზე უფრო მნიშვნელოვანია, სარკინიგზო ხაზის „ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი“ მშენებლობის პროექტი“, - მიიჩნევს გოჩავა.
ამასთან, „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი ამბობს, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ საქმიანობასა და გადაწყვეტილებებს რეგიონის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” წევრები არიან: ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი და უზბეკეთი, მათ ირანიც დაემატა. დამკვირვებლები არიან: ავღანეთი, ბელარუსი და მონღოლეთი, ხოლო „დიალოგის პარტნიორები“ - აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, შრი-ლანკა და თურქეთი. ფაქტობრივად ეს ის ქვეყნები არიან, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ეკონომიკურ ომში მონაწილეობის მიღებაზე.
მათ შორის არაა ერთიანობა ყველა საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის მაგალითად გერმანიაში, შეერთებული შტატების „რამშტეინის“ ბაზაზე უკრაინის მხარდამჭერთა შეხვედრაზე. საკმარისია გავიხსენოთ დაძაბული ურთიერთობა ინდოეთსა და ჩინეთს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის. მაგრამ ეს ის ქვეყნებია, რომელთა ეკონომიკური კეთილდღეობა დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთთან მათ ურთიერთობაზე. ჩვენთვის რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ორგანიზაციას? - პირდაპირი! “
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციას სრულუფლებიანი წევრის სტატუსით ირანი შეუერთდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ სამარყანდში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს და ირანი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სრულუფლებიანი წევრი გახდა.
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებით, ირანი ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანა ხდება „აბრეშუმის გზის“ მარშრუტზე“, - აცხადებს გოჩავა.
- „ირანს სურს შავი ზღვის პორტებთან დაკავშირება სომხეთის გამოყენებით. ირანი, სომხეთი, საქართველო, შავი ზღვის პორტები - ამ მარშრუტის ამოქმედებთ, ჩვენ ყველა ვარიანტში სარგებელს მივიღებთ. საქართველოსთვის სატვირთო გადაზიდვებისთვის კიდევ ერთი მიმართულება იხსნება“.
გოჩავას შეფასებით, დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესებზე პოზიციას არ აფიქსირებს.
„დღეს ჩუმად ვართ, მაგრამ დღეს იქნება თუ ხვალ საქართველო რეალური და მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება აბრეშუმის გზაზე. სხვა ვარიანტია ირანი თურქეთს დაუკავშირდეს. ამ შემთხვევაში ტვირთები ბორნებით უნდა გადაიზიდოს, რაც მომგებიანი არ არის და გადაზიდვებს აძვირებს.
ერთადერთი მომგებიანი გზა არის სახმელეთო გზა შავი ზღვის პორტებისკენ. შუა დერეფანი არის განვითარების პროცესში, აქვს პერსპექტივა და ამ დერეფნის ძირითადი „მოთამაშე“ ქვეყნები გააკეთებენ ყველაფერს, ამ გზის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის“, - აცხადებს გოჩავა.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: