NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ფსევდორეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს უკრაინის წინააღმდეგ.
იენს სტოლტენბერგი თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღის დასახელების შემდეგ აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამუნდა გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
„ფსევდორეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის პუტინის ომის შემდგომი ესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს აშკარა დარღვევა და გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ.
კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.