„რუსეთის მხრიდან რაიმე პროვოკაციების აღსაკვეთად“, ლიეტუვამ თავისი არმიის სწრაფი რეაგირების ძალების მზადყოფნის დონე აამაღლა, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა.
მისი თქმით, რადგან რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ასევე განხორციელდება კალინინგრადის რეგიონში, მისი ქვეყნის სამეზობლოში, ლიეტუვა მოვლენებს უბრალოდ ვერ შეხედავს.
„ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან“, - წერს მინისტრი Twitter-ზე.
დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ცნობისთვის, 22 ივნისს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება.
როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა.