შარლ მიშელი: ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია - რუსეთი

კრემლმა მობილიზაცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოაცხადა მაშინ, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნები მუშაობენ თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია: რუსეთი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დაწერა.

„კრემლმა მობილიზაცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოაცხადა მაშინ, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნები მუშაობენ თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი დარჩება“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.


ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს.

„ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა. 

BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა.  

დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 

პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება. 

ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა. 

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.