უკრაინულმა მხარემ ირანის ელჩს უკრაინაში აკრედიტაცია ჩამოართვა და ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა ირანის საელჩოს დიპლომატიური პერსონალის რაოდენობა. ამის მიზეზია რუსეთისთვის საბრძოლო დრონების მიწოდება.
Evropeyska Pravda-ს ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ კომენტარშია ნათქვამი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, რომელსაც განუცხადეს, რომ რუსეთისთვის ირანული იარაღის მიწოდება „ეწინააღმდეგება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას“.
„რუსეთისთვის იარაღის მიწოდება უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის, არამეგობრული ქმედებაა, რომელიც სერიოზულ დარტყმას აყენებს უკრაინასა და ირანს შორის ურთიერთობებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ირანის ელჩმა უკრაინაში მანუჩეჰრ მორადმა უკრაინა დატოვა. ის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში კიშინიოვში გაემგზავრა.
აკრედიტაციის ჩამორთმევა ნიშნავს, რომ ელჩი ვეღარ შეასრულებს თავის მოვალეობას და დიპლომატიური პრაქტიკის მიხედვით, თეირანში უნდა დაბრუნდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ ირანშია ნაწარმოები.
აგვისტოს ბოლოს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა.
ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.