უკრაინა: ერთადერთი „მესამე მხარე“ ირანული უპილოტო საფრენი აპარატებია, რომლითაც უკრაინელებს კლავენ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ირანის განცხადებები, რომლის თანახმადაც, უკრინის გადაწყვეტილებაზე ირანის ელჩის გაძევების შესახებ, მესამე მხარემ მოახდინა გავლენა.  

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ „ევროპული პრავდასთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა.

„ერთადერთი „მესამე მხარე“ არის ირანული თვითმფრინავები, რომლებსაც უკრაინა ანადგურებს. თეირანს ეკისრება სრულ პასუხისმგებლობა უკრაინასთან ურთიერთობების დანგრევაზე", - ხაზგასმით აღნიშნა ნიკოლენკომ. 

„ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინელების მოსაკლავად და არ გაამართლოს ეს, „გარე გავლენის“ ფანტაზიებით“, - განაცხადა ნიკოლენკომ.

უკრაინამ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს თეირანის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც, რუსეთის ჯარს უპილოტო თვითმფრინავები გადასცა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანის ქმედებებს, „ბოროტებასთან თანამშრომლობა“ უწოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ, ირანშია წარმოებული. 

აგვისტოს ბოლოს, The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა. 

ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.