რუსეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, პარასკევს გამართულ შეხვედრაზე ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმებს გმობს და რუსული ჯარების გაყვანას ითხოვს.
კენჭისყრისას ოთხმა ქვეყანამ - ჩინეთმა, ინდოეთმა, გაბონმა და ბრაზილიამ თავი შეიკავა, უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 10 წევრმა მხარი დაუჭირა აშშ-სა და ალბანეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას. რეზოლუციის მისაღებად საკმარისი იქნება უშიშროების საბჭოს წევრების მინიმუმ ცხრა ხმა, მუდმივი წევრების ვეტოს გარეშე.
დისკუსიის დროს გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ შეერთებული შტატები "უხამსობაში" დაადანაშაულა, რადგან უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის ქმედებების კენჭისყრაზე დაყენება, რეზოლუციების განხილვის დადგენილ წესს არღვევს და ვეტოს უფლების გამოსაყენებლად, მოსკოვის პროვოცირებას იწვევს.
ამის საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა თქვა, რომ რეზოლუცია კენჭისყრაზე დადგება გენერალურ ასამბლეაზე, სადაც არ არსებობს ვეტოს უფლება, რათა აჩვენონ, რომ მსოფლიო „ჯერ კიდევ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მხარესაა“.
30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.