ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის წარდგენას არ ველოდები, არ არის საკმარისი მტკიცებულებები - პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს, რომ დამნაშავეა, - ამის შესახებ კომპანია “გრინსერვის პლუსის” დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, ტარიელ კიკნაძემ ჟურნალისტებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოსთან განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკვშირებით.
“დასრულდეს პროცესი და ყველაფერს გეტყვით შემდეგ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს,მაგრამ მას არ უთქვამს, რომ მე დამნაშავე ვარო”,- განაცხადა ტარიელ კიკნაძემ.
13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.
სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
- გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.