„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი: 220 ვოლტიანი კვების ბლოკი ყველგან არის დამონტაჟებული, რიყის შადრევანშიც

220 ვოლტიანი კვების ბლოკი დამონტაჟებული ყველგან არის, რიყის შადრევანშიც, - ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს.

„საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და სავარაუდოდ გამოკითხვაზე კიდევ დამიბარებენ. 220 ვოლტიანი კვების ბლოკი დამონტაჟებული ყველგან არის, რიყის შადრევანშიც. მიდით და გადაიღეთ, იტალიელი სპეციალისტების მოწყობილია. იყო ერთიანი გამანაწილებელი სისტემა, მიდით რიყის შადრევანზე და გადაიღეთ“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი რამდენიმე დღეა ყოველდღიურ რეჟიმში იკითხება.


შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.

13 წლის გოგო გარდაიცვალა. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.