თენგიზ ფხალაძე: ევროკავშირმა, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდაში, ფინანსური წვლილი უნდა შეიტანოს

ევროკავშირი, აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ პარტნიორობას მნიშვნელოვნად აფასებს. ამის შესახებ Trend-ს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა არარეზიდენტმა თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.

„დაახლოებით 5 ან თუნდაც 10 წლის წინ გაკეთდა შეფასება, რომ აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა მეტი გაზის მიწოდებისთვის და რომ ევროპამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ენერგეტიკულ პარტნიორობას ამ ქვეყანასთან. ასევე ყურადღება გამოიჩინოს კასპიის რეგიონთან მიმართებით, მის გაზის პოტენციალთან და ეს ყველაფერი ერთად განავითაროს. სამწუხაროდ, ევროპამ გარკვეულწილად უგულებელყო ეს შესაძლებლობები და სხვა პროექტებს მიენიჭა პრიორიტეტი. დღეს, ვფიქრობ, ევროპაში ყველა ნანობს ამას. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს," - აცხადებს ფხალაძე. 

მისივე თქმით, დღეს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებს, არამედ პრაქტიკულ ბიზნეს-ინიციატივებშიც აისახება.

„მაგრამ არ მგონია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ერთ მხარეს დაეკისროს. დიახ, აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაგრამ მას ასევე სჭირდება იგივე სანდო პარტნიორები ევროკავშირის ქვეყნებიდან. ამაში ყველაზე დიდი ფინანსური წვლილი ევროკავშირმა უნდა შეიტანოს“, - აღნიშნა ფხალაძემ.

თუმცა, როგორც ექსპერტი აცხადებს, აზერბაიჯანული გაზის მიმართ ინტერესი ქვეყნების მიხედვით არ უნდა დაიყოს.

რაც შეეხება საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის (IGB) გაშვებას, ფხალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ეს მნიშვნელოვანი პროექტია ევროპისთვის, რადგან რეგიონი რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების გამო სირთულეებს განიცდის.

„ეს არის შესანიშნავი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ინვესტორებისთვის, რომ მიჰყვნენ, გამოიყენონ და ასევე იფიქრონ, როგორ გააფართოონ ეს შესაძლებლობა. აზერბაიჯანს რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობები, მაგრამ როგორც ვთქვი, მთელი ფინანსური ტვირთი მხოლოდ ერთ ქვეყანას არ უნდა დააწვეს. უკვე არის ინტერესი და დროთა განმავლობაში აქტიურ ბიზნეს-ინიციატივებად გარდაიქმნება“, - განაცხადა ფხალაძემ.

ECIPE-ის უფროსმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პოტენციალი ელექტროენერგიის ექსპორტში, მათ შორის განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის ექსპორტში, უზარმაზარია და რეალურად ეს პროექტი შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაიწყოს.

„ყველაფერი შესაძლებელია, თუ ევროკავშირი გააფართოვებს კავშირების ქსელს. ეს ნიშნავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაფართოებას, აქ იგულისხმება ელექტროენერგიის მიწოდება. ევროკავშირმა უნდა წაახალისოს ახალი პროცესები და ინიციატივები კავშირისთვის. ეს უკვე განვითარებულია ევროკავშირიის მიერ საქართველოში და შემდეგ აზერბაიჯანში. დღეს ახალი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო“, - განაცხადა ფხალაძემ.

2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.