ანდრია ბასილაია: ვაკის პარკის შადრევანში, ტუმბოების მონტაჟი ისე განხორციელდა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული

"ვაკის პარკის შადრევანში ტუმბოების მონტაჟი ისე განხორციელდა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული", - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ განაცხადა, რითაც  „ელ ემ სის“ წარმომადგენლის განცხადებას უპასუხა.

როგორც ბასილაია განმარტავს, ავტორის მხრიდან მსგავსი განცხადებები სამწუხაროა.

„ძალიან სამწუხარო განცხადებაა. პროექტში ნათლად არის მითითებული, თუ რა ტიპის ტუმბოები უნდა იყოს პროექტში. პროექტში გათვალისწინებული იყო ჩაძირული ტუმბო, მრგვალ შადრევანზე, რომელიც მითითებულია, რომ ჩაძირული უნდა იყოს, შესაბამისად, ეს ტუმბო გარეთ ვერ იქნებოდა. ეს ტუმბო რომ გარეთ ყოფილიყო, სხვა ტიპის ტუმბო უნდა ყოფილიყო", - განაცხადა მან.


შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.

13 წლის გოგო გარდაიცვალა. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.