ისრაელის პრემიერმა დმიტრო კულებას განუცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის შესახებ კულებამ Twitter-ზე დაწერა. კულებას თქმით, ირანული წარმოების დრონების თავდასხმის შედეგად გამოწვეული ენით აღუწერელი ზიანის შესახებ, მან ლაპიდს ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ისრაელის მიმართ უკრაინის თხოვნა, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და ტექნოლოგიების მიწოდების შესახებ”, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თავის მხრივ, ლაპიდმა აღნიშნა, რომ იზიარებს „ღრმა შეშფოთებას ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირების შესახებ".

„დღეს საღამოს ვესაუბრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას. მან უახლესი ცნობები გამაცნო უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. მე მას გავუზიარე ჩვენი ღრმა შეშფოთება ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირების შესახებ. ისრაელი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით", - წერს ლაპიდი Twitter-ზე.

10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს.

უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო.