აშშ-ის საზღვაო ძალების ხელმძღვანელი: ამერიკის არმია მზად უნდა იყოს, უპასუხოს ჩინეთის პოტენციურ შეჭრას ტაივანში

ამერიკის არმია მზად უნდა იყოს, უპასუხოს ჩინეთის პოტენციურ შეჭრას ტაივანში, რომელიც შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდეს, განაცხადა Telegraph-ის ცნობით, აშშ-ის საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა.

ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, ადმირალ მაიკ გილდეის ჰკითხეს ჩინეთის ლიდერის გამოსვლაზე და ასევე, კონგრესში სხვა ამერიკელი ადმირალის შარშანდელ რეპლიკაზე, რომ პეკინი აპირებდა, მზად ყოფილიყო ტაივანის ასაღებად 2027 წლისთვის.

People’s Liberation Army soldiers assemble during military training in Kashgar in China’s north-western Xinjiang region

ჩინელი ხალხის გადასაწყვეტია ტაივანის საკითხის გადაწყვეტა და ჩინეთი არასოდეს იტყვის უარს ძალის გამოყენების უფლებაზე, თუმცა იბრძოლებს მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ, ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პარტიის შეხვედრაზე, 16 ოქტომბერს განაცხადა.

„ჩვენ ვიბრძვით მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივისკენ, უდიდესი გულწრფელობით და საუკეთესო ძალისხმევით, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და ვიტოვებთ შესაძლებლობას, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა“, - განაცხადა სი ძინპინმა მმართველი კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

პეკინსა და ტაიბეის შორის დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა.

ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანში აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ჩავიდა. ელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო. ტაივანის თქმით, პეკინმა 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა.

ტაივანმა, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, განაცხადა, რომ თავის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, უკან არ დაიხევს.

ინფორმაციისთვის: ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. 

პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა.

ვინ ცნობს ტაივანს

ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი.

ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ.