ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი იუწყება, რომ ირანელი ინსტრუქტორები ჩავიდნენ ბელორუსში, სადაც ისინი წვრთნიან რუს სამხედროებს და კოორდინაციას უწევენ უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებას უკრაინის ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ.
ადგილობრივი წინააღმდეგობის ჯგუფის ცნობით, რუსებმა სრული კონტროლი აიღეს ბარანავიჩისა და ლიდაში მდებარე საჰაერო ბაზებზე.
ოკუპანტები აგრძელებენ მათ გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თვლის, რომ ირანული თვითმფრინავები ომის მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენენ.
ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა.
10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება.
უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.
დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.