ევროკავშირის სანქციები, რომელიც რუსული ნავთობის ექსპორტს ზღუდავს, რუსეთს, ძალაში შესვლამდე აზარალებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის ცნობით, ოფშორული ნავთობის მიწოდება რუსეთიდან 21 ოქტომბრამდე, შვიდი დღის განმავლობაში, ხუთკვირიან მინიმუმამდე დაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ნავთობის ნაკადები ჩინეთსა და ინდოეთში სტაბილურია, ინდოეთის ორმა მთავარმა გადამამუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა, რადგან 5 დეკემბერს ევროკავშირის სანქციები ამოქმედდება, რის შემდეგაც გემები, რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას ვეღარ შეძლებენ.
ინდოეთში რუსული ნავთობის მიწოდებას რამდენიმე კვირა სჭირდება, რაც სანქციების რისკს ზრდის.
ჩინეთში, ინდოეთსა და თურქეთში რუსული ნავთობის ნაკადმა პიკს ივნისში მიაღწია და დღეში 2,2 მილიონი ბარელი შეადგინა. 21 ოქტომბრამდე ოთხი კვირის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი დაახლოებით დღეში 330,000 ბარელით დაეცა.
თუმცა, ნავთობის მოცულობა იმ ტანკერებზე, რომლებიც საბოლოო დანიშნულების ადგილზე არ მისულან, მიწოდება დღეში 310 000 ბარელზე მეტს შეადგენს.