Bloomberg: ნაწილობრივი ნავთობემბარგოს შედეგად, რუსეთი ყოველწლიურად $10 მილიარდს დაკარგავს

ევროკავშირის ლიდერების შეთანხმების საფუძველზე ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს შედეგად, რუსეთი პირველ ჯერზე $1 მილიარდს დაკარგავს, ყოველწლიურად კი დანაკარგი $10 მილიარდი იქნება. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით წერს.

რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტში საზღვაო გადაზიდვები 2/3-ს შეადგენს.

„როდესაც სანქცია ძალაში შევა, Bloomberg-ის გათვლებით, პუტინი წელიწადში ნედლი ნავთობის ექსპორტიდან $10 მილიარდის შემოსავალს დაკარგავს“, - წერს გამოცემა.

სანქციების გამო, რუსეთი იძულებული იქნება ნედლი ნავთობი აზიაში ფასდაკლებით გაყიდოს. სადაც, ბარელი Uralsის მარკის რუსული ნავთობი ფასდაკლებით ფასდაკლებით $34 იყიდება.


Bloomberg-ის ცნობით, რუსულ ნავთობზე არასრული ემბარგოს დაწესების შედეგად, უნგრეთს, რომელიც რუსული ნავთობის აკრძალვის წინააღმდეგია, მეტი დრო ექნება ტექნიკური გადაწყვეტილების მოსაძებნად მისი ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ევროკომისია ასევე ითვალისწინებს სლოვაკეთისა და ჩეხეთის შეშფოთებას, რომლებიც ძირითადად რუსულ ნავთობზე არიან დამოკიდებულნი.


როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. 

შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.