NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთი ყალბ ცნობებს ავრცელებს იმის შესახებ, რომ თითქოს, უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე რადიოლოგიური „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად ემზადება.
NATO-ს მოკავშირეები უარყოფენ ამ აშკარად ცრუ ბრალდებას.
„რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად აპირებენ. ჩვენ ამის მაგალითი ადრე ვნახეთ. სირიიდან უკრაინაში. რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ცრუ საბაბი შემდგომი ესკალაციისთვის. მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს არსებულ ვითარებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა.
ერთობლივ განცხადებაში, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარყვეს „რუსეთის ცრუ ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინა ემზადება ბინძური ბომბის გამოსაყენებლად საკუთარ ტერიტორიაზე“.