ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება, ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვული ან „ბინძური“ ბომბის გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა გააკეთა.
- კულება: რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავს
- რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუკი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - ბაიდენი
მისი თქმით, შეერთებული შტატები სიტუაციის განვითარებას ყურადღებით აკვირდება. რაიდერის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში გამოიყენებს „ბინძურ ბომბს“ ან სხვა ბირთვულ იარაღს, ამას შედეგები მოჰყვება, რაზეც რუსეთს გზავნილი სხვადასხვა არხით გადასცეს.
„რუსეთს შედეგები როგორც ბირთვული იარაღის, ასევე „ბინძური ბომბის“ გამოყენების შემთხვევაში ექნება. ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიმჩნევია არანაირი ნიშანი, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის ან „ბინძური“ ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, ან განზრახული აქვს, რომ გამოიყენოს“, – განაცხადა რაიდერმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.