უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ისრაელთან ირანულ დრონების საკითხეზე თანამშრომლობს. ამის შესახებ მან კიევში გვინეა-ბისაუს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ისრაელთან ირანული უპილოტო თვითმფრინავების შესახებ მონაცემების მიწოდების საკითხზე თანამშრომლობა „რამდენიმე დღის წინ დაიწყო".
„ისრაელის დაზვერვის მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 400-ზე მეტი ირანული უპილოტო თვითმფრინავი გამოიყენა“, - თქვა ზელენსკიმ.
„ჩვენ ისრაელთან თანამშრომლობის დასაწყისში ვართ. ეს არის პოზიტიური გზა ისრაელისგან. მადლობელი ვარ ამისთვის", - დასძინა პრეზიდენტმა.
ამავდროულად, ზელენსკის თქმით, მას ისრაელისგან უფრო მეტი მხარდაჭერის იმედი აქვს. „ისრაელმა იცის რა არის ომი. გვჯერა, რომ ისრაელი უფრო მეტად უნდა დაუჭერს მხარს უკრაინას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ, ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა, ვაშინგტონში ვიზიტისას, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სადაზვერვო მონაცემები წარუდგინა, რითაც დასტურდება, რომ რუსეთმა უკრაინაში ირანული „კამიკაძე-დრონები“ განათავსა.
ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა.
უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.
დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.