NATO არ დაუშვებს პუტინის გამარჯვებას უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში და დახმარებას გაუწევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ჰკითხეს რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
„ომის ბუნება და ხასიათი არაპროგნოზირებადია. მე არ ვაპირებ სპეკულირებას, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. მე მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი და ერთი ის არის, რომ ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დასჭირდება. ჩვენ ვერ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას.
ეს იქნება კატასტროფა, ტრაგედია უკრაინელებისთვის, მაგრამ ის ჩვენ, NATO-ს მოკავშირეებს, უფრო დაუცველს გახდის. ეს იქნება გაკვეთილი პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ მას შეუძლია, მიაღწიოს მიზნებს სამხედრო ძალის გამოყენებით. ეს იქნება გაკვეთილი არამხოლოდ მისთვის, არამედ მსოფლიოს სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვისაც“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
გარდა ამისა, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, უკრაინა უკვე წარმატებით პასუხობს საჰაერო საფრთხეს და მოკავშირეების დახმარება თანდათან ჩაანაცვლებს ძველ სისტემებს და გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.
უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას მრავალი რუსული რაკეტისა და უპილოტო დრონის ჩამოგდებით. მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვლება - მოკავშირეები ახლა აქტიურდებიან", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.